← К описанию

Ann Matiashvili - A miracle and a gift








ზღაპარი, „პატარა დიდებისათვის და დიდი პატარებისთვის“!


სასწაული და საჩუქარი

შორეული ზღაპრული ლურჯი კამკამა ცის კიდის ქვეშ იყო სამყარო, საიდანაც კეთილი ფერია ხედავდა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები და როგორები იყვნენ ისინი ერთმანეთისთვის. კეთილი ფერია ყველაფერს ხედავდა. კეთილი ფერია ყველაზე მეტად ადამიანებს შორის გამეფებულ უსამართლობაზე წუხდა. იმასაც ხედავდა, რომ ერთმანეთის გატანა არ შეეძლოთ მათ და რომ მკერდში ბევრ მათგანს გული ისე გასციებოდათ, რომ იტყოდით გულის მაგივრად ქვა უდევთო… ძალიან წუხდა, მაგრამ რა ეღონა, რით დახმარებოდა ადამიანთა მოდგმას?! როდესაც თავად ადამიანებს აღარ შერჩენოდათ სიკეთის მარცვალი სულსა და გულში; კეთილ ფერიას კი მხოლოდ მაშინ შეეძლო მათი დახმარება როდესაც დაინახავდა ადამიანში სიკეთის სულ მცირე მარცვალს მაინც…

ასე გადიოდა დრო და ადამიანთა სამყარო სულ უფრო და უფრო იძირებოდა უსამართლობის, გაუტანლობის, შურის და ბოროტების მორევში.

გავიდა დრო ბუნებაც თითქოს სულ უფრო და უფრო იქუფრებოდა, თითქოს გაზაფხულსაც ავიწყდებოდა მოსვლა, აგვიანებდა, ძალიან აგვიანებდა სითბო მოსვლას ადამიანთა გულებშიც. ფერიამ ისიც იცოდა, რომ ეს სამყარო, სიცოცხლე და ცხოვრება ღმერთმა ბედნიერებისთვის აჩუქა ადამიანებს! ისიც უწყოდა რომ ღმერთი მაინც არ გასწირავდა ადამიანებს და ქვეყნიერების გადასარჩენად ის მაღლა, ცისკენ გაფრინდა თავისი ულამაზესი მბრწყინავი ფრთებით; უმაღლესი ცის კაბადონზე თავად უზენაეს ღმერთთან სათხოვნელად დახმარებოდა; რათა ქვეყნიერების ადამიანთა სამყაროს გადარჩენა სურდა მას ძლიერ, რადგანაც იცოდა, რომ ქვეყნიერება ყოველთვის ასეთი არ ყოფილა, დიახ, არ ყოფილა ისეთი, როგორიც დღესაა!!! სიყვარული, აი რა იყო მთავარი! სიყვარული უნდა ეპოვათ ადამიანებს, ღვთის რწმენა, სიკეთე და იმედი. იმედი კი არ უნდა დაეკარგათ. და ვაჟკაცობა იყო მთავარი, ის სიმამაცე რომელიც ადამიანებს ფარივით უნდა სდებოდათ მკერდში.

კეთილი ფერია, დიახ, ხედავდა ამ ყველაფერს და გადაწყვიტა მოევლო მთელი ქვეყნიერება, სანამ ღმერთამდის მივიდოდა და თუ სადმე სიკეთის, სიყვარულის და რწმენის მარცვალს იპოვიდა, ღმერთამდე მიეტანა ეს იმედი, იმედი მომავლის, რომ ქვეყნიერებაზე ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სიყვარული და რწმენა, რის გამოც ღირდა გადარჩენილიყო მთელი ქვეყნიერება. გაფრინდა ფერია ამ იმედით და გზად შეიხედა ერთ ღარიბ ოჯახში სადაც ყველაფერი ღარიბული იყო. დაინახა, რომ ამ ოჯახს ერთი გლახაკი ესტუმრა და ღამის გათევას ითხოვდა, თოვლიან ცივ ღამეში, მათაც მიიღეს დიდი სტუმართმოყვარეობით, დააპურეს და მოგიზგიზე ბუხართან თბილად მოასვენეს. ფერიას გაუხარდა, რომ სიკეთე ჯერ კიდევ გააჩნდათ ამ ადამიანებს, მიუხედავად თავისი სიდუხჭირისა და ძლიერ გაიხარა. შემდეგ კვლავ გაუყვა გზას ფერია და გზად დაინახა, რომ წაქცეულ მოხუცებულს ახალგაზრდა ბიჭი ფეხზე აყენებდა და ეხმარებოდა, ფერიამ გაიფიქრა: როგორც ვხედავ, ჯერ კიდევ შერჩენიათ სიკეთის მარცვალი ადამიანებს. შემდეგ ეკლესიაშიც შეიხედა, შობა უნდა დამდგარიყო და ბევრი ხალხი ირეოდა ეკლესიაში და სანთელიც ბევრი ენთო, იმედის სანთლები. იქვე ერთმა მოხუცებულმა ქალმა უამბო, თუ როგორ განიკურნა მძიმე სენისგან რწმენით და ლოცვით. ფერიამ დაინახა, რომ ადამიანებში კვლავ იყო რწმენის მარცვალი და ძლიერ გაიხარა.



კვლავ ბევრი, ძალიან ბევრი იარა, ცხრა მთა გადაიარა და ბევრი ოჯახი მოინახულა და დაინახა, რომ ადამიანები ჯერ კიდევ შემორჩენილან, ვინც ერთმანეთს ხელს უწვდიან გაჭირვების ჟამს და ამით გახარებული კვლავ გზას გაუდგა. გზად ერთ თეთრად დათოვლილ ბაღში შევიდა, სადაც ბავშვები მხიარულობდნენ თოვლში, ხოლო მოსიყვარულე წყვილები ბედნიერები და მხიარულები დასეირნობდნენ და ფერიამ იფიქრა: აი,სიყვარულიც დავანებულა ადამიანთა გულებში. მართალია, სიყვარული, რწმენა და სიკეთე ყველა ადამიანს არ გააჩნდა, რადგან ფერიამ მდიდარი ოჯახებიც მოინახულა, რომლებსაც ზოგს გაჭირვებული სულაც არ ახსენდებოდა, რომ დახმარებოდა, მაგრამ ხომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სიკეთით, სიყვარულითა და რწმენით იყვნენ სავსენი. და ამ იმედით გაფრინდა თავისი ულამაზესი ბრწყინავი ფრთებით მაღლა ზეცისკენ, რათა ღმერთისთვის მოეთხრო ეს ყველაფერი. შობა დგებოდა და ეს სასწაულიც შობას უნდა მომხდარიყო უფლის წყალობით. გზად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ფერია საშინელ უფსკრულში ჩაიყოლა, როგორც ჩანს ბოროტება ებრძოდა კეთილ ფერიას, რომ უფლამდის არ მისულიყო, მაგრამ ფერია გადარჩა კეთილი მწყემსის დახმარებით, მან გადაარჩინა და მოარჩინა ჯადოსნური სასმელით. ის მცენარეების ნაყენით კურნავდა გაჭირვებულ და სნეულ ადამიანებს. ფერიამ თავი მალევე კარგად იგრძნო და გაიფიქრა: სანამ საათი თორმეტს, ჩამოჰკრავს, უნდა მოვასწრო და გაფრინდა მაღლა ცისკენ ღრუბლებს შორის, საბოლოოდ, დამქანცველი გზის შემდეგ მიაღწია ღმერთის საუფლომდე. უფალს უამბო ყველა ის სიკეთე, რაც კი მას ენახა, გაეგონა და განეცადა.